გადაძახილი სამი ფირფიტით

გადაძახილი სამი ფირფიტით

ჩვენი დღევანდელი ეპოქის ერთ-ერთი ნიშანი მაღალი კულტურის პერიფერიაზე მოსროლაა. პოპ-კულტურის ელემენტები, იაფფასიანი პერფორმანსები, მილიონებზე გათვლილი ბანალური პროდუქტები ყოველივე სიღრმისეულს კულტურის პერიფერიაზე მიუჩენს ადგილს. ხოლო ის ინტერნეტ-სისწრაფე, რომლითაც „კონტენტი“ მოგვეწოდება,  დაფიქრების საშუალებას არ გვაძლევს და „კულტურის“ სწრაფ-სწრაფად მოხმარების მანკიერ წრეში გვატრიალებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის დიდი ნაწარმოებები, რომელიც სიცოცხლის ზედაპირზე კი არ გვატივტივებს, არამედ ზედაპირის მიღმაც გაგვახედებს, გვაგრძნობინებს ცოცხლად ყოფნის მტკივნეულობას. ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები დიდ ქართველ მწერალს ოთარ ჭილაძეს ეკუთვნის. ჭილაძის გენია გვიბიძგებს, ქართულ ენაზე ლექსად დაწერილ ნაწარმოებებს შორის, „ვეფხისტყაოსნისა“ და გალაკტიონის პოეზიის გვერდით, მოვიხსენიოთ მისი პოემა - „თიხის სამი ფირფიტა“.

 

თუ პოეტის წინაშე მკრეხელობას ჩავიდენთ და გადავწყვეტთ, ეს ლექსი რომელიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობას მივაკუთვნოთ, მაშინ ვიტყვით: ის ეგზისტენციალისტურია.  მასში დიდებულადაა გამოკვეთილი ადამიანური მდგომარეობა და მისი სწრაფვა უკვდავებისკენ; ოღონდ ხვდება რა საკუთარ წარმავალობას, ადამიანი უკვდავების სუროგატს აღმოაჩენს - გადაძახილს მომავალში, რომელიც ამ შემთხვევაში თიხის ფირფიტაზეა დატანილი; გადაძახილი პირველი ეპოსია კაცობრიობის ისტორიაში - გილგამეშის ეპოსი,[1] რომელსაც ჭილაძე ახალ სიცოცხლეს ანიჭებს.  

 

სწორედ გილგამეშისეულ მოტივებს ეფუძნება ოთარ ჭილაძის ეს მცირე პოემა, სამი ნაწილისგან (ფირფიტისგან) რომ შედგება. „თიხის სამი ფირფიტა“ მოგვითხრობს შუამდინარეთის ქალაქ ურუქის მეფის, გილგამეშის ზოგადადამიანურ სწრაფვაზე უკვდავებისკენ.

 

გილგამეში ტირანი მეფე იყო, საკუთარი ხალხის მწვალებელი. ხალხი შეევედრება ღვთაება ანუს, რათა მან დაიცვას გილგამეშისგან. საპასუხოდ, ანუ ურუქს წყევლად მოუვლენს ენკიდუს - ველურს, რომელიც ანადგურებს ურუქის მაცხოვრებელთა ფარას. ახლა უკვე ველურისგან შეწუხებული ურუქელები თავიანთ მეფე-ტირანს მიმართავენ, რომელიც, თავის მხრივ, მეძავ-ქალს, შამხატს მიავლენს ენკიდუს მოსათვინიერებლად; შამხატის მისია წარმატებულია, ენკიდუ სახლდება ქალაქში და საბოლოოდ, უმეგობრდება გილგამეშს; ისინი გადაწყვეტენ, მოკლან კედარის ტყეში მცხოვრები ურჩხული შლეგი ხუმბაბა; მეგობრები კლავენ ხუმბაბას.

 

უკან დაბრუნებულებს, გილგამეშზე გამიჯნურებული ხვდებათ იშთარი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალღმერთი. გილგამეშმა იცის რა, რაოდენ მყიფეა ასეთი ქალის ვნება, უარით ისტუმრებს იშთარს; იშთარი შურისძიების მიზნით მოავლენს ზეციურ ხარს, რომელსაც დაამარცხებენ ენკიდუ და გილგამეში; ენკიდუ იღუპება ხართან ბრძოლის შემდეგ; მის მკვლელობაში ღმერთების ხელი ურევია.  

 

უახლოესი მეგობრის სიკვდილით ევლინება გილგამეშს ადამიანური მდგომარეობის სიმწვავე; მან დაკარგა უახლოესი მეგობარი და შეიცნო უსაზრისობა ყოფიერებისა. ადამიანური მდგომარეობითა და მეგობრის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ძალაუფლების ტახტი ერთიასად მტკივნეულს ხდის. ძალაუფლების პერსპექტივიდან განსაკუთრებით კარგად ჩანს ადამიანურ მიღწევათა ამაოება სიკვდილის წინაშე; არცაა გასაკვირი, რომ ბევრი შემოქმედი მეფე ან სამეფო კარის შვილი იყო: როგორც ბუდა, რომელმაც მის გარშემო მოქსოვილი „იდეოლოგიური იდილია“ შეიცნო და ხელოვნურად აგებული მატრიცის მიღმა სიკვდილს მტკივნეულად გაუსწორა თვალები ან მარკუს ავრელიუსი, რომის ეს იმპერატორი, რომელმაც ადამიანურ მდგომარეობას სტოიკური სიბრძნით უპასუხა.

 

ოთარ ჭილაძე, მისთვის დამახასიათებელი სიტყვათა წყობითა და ეგზისტენციალური, „სერიოზული პათეტიკით“ პირველივე ფირფიტაზე გვინდობს გილგამეშის ადამიანურ სურვილს:

 

„მე კაცი ვიყავ, მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების ან უფრო სწორად, სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად. მე მსურდა, მაგრამ არ სურდათ ღმერთებს და ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი ამ ხმელ ფირფიტას შემორჩა მხოლოდ. ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში“.

 

კავშირი წარსულთან, მარად განმეორებად წარსულთან, რაც ოთარ ჭილაძის ამ პოემის ლაიტმოტივია, განსაკუთრებულია; პოემის ესთეტიკური ქსოვილი ეპოქათაშორისი ზემოქმედების გრადუსს მაღლა სწევს - იმაზე მაღლა, ვიდრე შუამდინარეთის სიცხეა: საოცარი რითმა და რიტმი ურუქის ყოველდღიურობის აღწერით იმ ეგზისტენციალურ შრეს გვიმხელს, რომელსაც იმავე ყოველდღიურობაში განფენილი საზრუნავი მისდაუნებურად გვიმალავს - სიკვდილისა და სიცოცხლის მარადიულ, ურთიერთმონაცვლე პულსაციას:

 

რა უბრალოა ადამიანი!

რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად

და რა უმწეო ხმებით შრიალებს,

რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

 

მაინც არავინ არ გარბის არსად,

ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს

და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,

ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

 

...

რადგან ქალაქი სავსეა ხალხით,

რომელიც ქალაქს ყველაფერს მისცემს,

და რაც დღეისთვის სათქმელად არ ღირს,

ხვალ, შეიძლება, სიმღერად იქცეს.

....

ლომის სურნელი დაჰქონდათ ქარებს

და ნთქავდა სივრცეს უდაბნოს ბუღი,

თვალი გარბოდა ოთხივე მხარეს,

სისხლი ხმამაღლა იწყებდა დუღილს.

 

მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,

თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,

რომელიც უკან მოგვყვება ურმით

და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.[2]

 

სიკვდილისკენ ყოფნის ადამიანურ მდგომარეობას კარგად გვიჩვენებს სწორედ დისტანციური ქმედება - გადაძახილი ეპოქებს შორის. როგორ გვესმის თანამედროვეებს ეს ხმა? - ხმა, არა აუცილებლად გილგამეშისა, არამედ გარდასულ დროთა ეპოქების იმ სხვა შვილებისაც, სიკვდილის და სიცოცხლის ინტიმურ ბმას რომ შეგვახსენებენ?

 

ოთარ ჭილაძე ადამიანთა ორ კატეგორიას აღწერს: მუზეუმში შეკრებილა ხალხი ფირფიტების გამო; ერთნი ყურს უგდებენ, უსმენენ და ესმით ფირფიტების, ხოლო მეორენი უბრალოდ „თვალს წყალს ალევინებენ“. ამ ორ კატეგორიაში მარტივად ამოვიკითხავთ ჰაიდეგერისეულ არსებობის საკუთრივ და არასაკუთრივ მოდუსებს, სიკვდილისკენ მიმართების თავისებურება რომ მიჯნავთ ერთმანეთისგან; პირველებს, ესე იგი საკუთრივად არსებულებს, სიკვდილი, ვითარცა ეგზისტენციალური ბედისწერა გაუსიგრძეგანებიათ; ხოლო მეორეებს სიცოცხლე - ე.ი. სიკვდილისკენ ყოფნა - ნივთებსა თუ მოვლენებზე ფეტიშურ ბმაში გაურბით:

 

ბევრს ავიწყდება, რა დარდიც ჰქონდა,

და ახლა სულში იმედი წვეთავს.

ბევრი კი მხოლოდ იმიტომ მოდის,

ამდენი ოქრო რომ ნახოს ერთად.

...

და ბევრი ხვდება, რისთვისაც წუხდა

ბევრი სულელად რჩება ბოლომდე,

და მაინც ყველა მადლობას უხდის

მზით გაბრუებულ არქეოლოგებს!

 

მეორე ფირფიტაზევეა გადმოცემული გილგამეშის შეხვედრა უტნაფიშთიმთან. უტნაფიშთიმი იყო ის კაცი, რომელიც ღმერთებმა კაცთა მოდგმისთვის მოვლენილი წარღვნით ვერ მოკლეს, რადგან ის ქალღმერთმა ეამ დაიცვა - გააფრთხილა წარღვნის შესახებ და კიდობანის აგების ინსტრუქცია მისცა. უტნაფიშთიმი მითიური ნოეს პროტოტიპია, რადგან ისიც, შუამდინარული თქმულების მიხედვით, გადაურჩება წარღვნას და გახიზნავს ცოლსა და ცხოველებს.

 

გილგამეში, ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადალახავს და მიდის უტნაფიშთიმთან.  გილგამეშს სწადია უკვდავება, მაგრამ უტნაფიშთიმი პასუხობს, რომ იმან, რამაც მასზე იმოქმედა, არ იმოქმედებს გილგამეშზე. საინტერესოა, რომ უტნაფიშთიმი ძველი წინაპარია, ანუ უკვდავყოფისთვის საჭიროა იყო „დიდი ხნის წინაპარი“ - ასეთ ნუგეშს თუ გვთავაზობს დრო.

 

უტნაფიშთიმი სთავაზობს გილგამეშს, არ დაიძინოს ექვსი დღე-ღამე - მაშინ კი მიეცემა მას უკვდავება; მაგრამ გილგამეშს მყისვე ჩასთვლემს - გილგამეშს სურს უკვდავება, მაგრამ ძილს ვერ ერევა; მას მეორე შანსიც ეძლევა: შეცუროს ზღვის სიღრმეში, სადაც დამალულია ნუგეში უკვდავებისა - მცენარე, რომელიც, მართალია, უკვდავად ვერ აქცევს, მაგრამ გააახალგაზრდავებს მას; გილგამეში მოიპოვებს მცენარეს, თუმცა ჩაძინებულ გილგამეშს გველი მოპარავს ამ მცენარეს. გველი მყისვე იცვლის ტყავს, ნიშნად გაახალგაზრდავებისა. გილგამეშის გამოსავალი სხვაა: თიხის ფირფიტა და გადაძახილი მომავალში. დროის მარადიული განმეორებადობის  უსაზრისობაში, გილგამეშის მცდელობა, იპოვოს უკვდავება, გმირად აქცევს მას: ადამიანური „უკვდავება“ მხოლოდ გმირული მცდელობითა და მცდელობის გადაცემითაა შესაძლებელი:[3]

 

„ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით“.

 

სიკვდილით მართულ სიცოცხლეში ადამიანის გამოსავალია, თქვას, გამოთქვას, გადასძახოს მომავალს: პოემის მესამე ფირფიტის მთავარი აზრიც ესაა - გაბედე, ილაპარაკე! არ დადუმდე, რადგან თქმა და დანატოვარი სიკვდილთან ბრძოლის ხერხია, უკვდავების სუროგატია, რომლის მოტივაციითაც - რაღა დასამალია და - იწერება ეს წერილიც, რომლის მოკრძალებული მიზანია, შეგვახსენოს ჩვენ, უკვდავყოფის ციფრული საშუალებებით განებივრებულებს, გილგამეშისა და ოთარ ჭილაძის გადაძახილი:

 

 

არც მოწყალება და არც საშველი

არ ღირსებია ციდან არავის.

და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე,

ან ვისთან რა გაქვს დასამალავი.

 

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის,

და შენც გახსენი შენი ფიქრები,

რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ

იცხოვრო, როცა აღარ იქნები.

 

 

 

[1] მიჩნეულია, რომ გილგამეში ისტორიული ფიგურაა, ურუქის მეხუთე მეფე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში მეფობდა. გილგამეშის გავლენა იმდენად დიდი იყო იმდროინდელ შუამდინარეთში, რომ მის საქმეთა გარშემო დაიბადა მითები გილგამეშის ღვთაებრივი სტატუსის შესახებ; ზეპირსიტყვიერი მითები, საბოლოოდ, ჩაიწერა ისტორიული გილგამეშის მეფობიდან დაახლოებით 700-1000 წლის შემდეგ. ამ ჩანაწერის ავტორად ბრიტანელი არქეოლოგი სერ ოსტენ ჰენრი ლეიარდი მიიჩნევს ბაბილონელ მწერალ შინ ლექი უნნინნის.

წყარო: https://www.ancient.eu/gilgamesh/;

 

[2] პასაჟები ოთარ ჭილაძის პოემიდან „თიხის სამი ფირფიტა“ მოყვანილია კრებულიდან: „გახსოვდეს სიცოცხლე“, „საბჭოთა საქართველო“, 1984, თბილისი, გვ. 117-128;

 

[3] „გილგამეშის ეპოსის“ უფრო სრული, ვიზუალიზებული შინაარსი შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.youtube.com/watch?v=2pGhEu9elnA

გაზიარება: